შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
„კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს უსაყვედურა, რომ ჯერ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ხაზარაძის კომპანიამ გაიმარჯვა და შემდეგ ჩაიწერა ანაკლიის პორტის შესახებ კონსტიტუციაში და არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესმენი ანაკლიის პროექტში უკონკურენციოდ ჩაერთო, მამუკა ხაზარაძე ასე პასუხობს:
„კონსტიტუციაში ეწერა ლაზიკა და შემდეგ შეიცვალა ანაკლიით, რაც შეეხება ვითომდა უკონკურენციობას, ეს ტყულია - 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა კონკურსში. ბოლოს დავრჩით ჩვენ, ამერიკელებთან ერთად და ჩინური კომპანია. მე ვარ ბიზნესმენი და როდესაც დავინახე, რომ შეიძლება სინერგია მოხდეს, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, რომ ჩვენ და ამერიკელები ჩინელებთან გავერთიანებულიყავით, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხიც არ გამცა ჩინურმა მხარემ და ბოლოს ჩვენ გამოვცხადდით გამარჯვებულად. ანაკლიაზე ატეხილ ხმაურს ერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ მგონი, ყველამ გაითავისა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის.
სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ანაკლიასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. მას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მაია ცქიტიშვილიდა მეც. შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა. სამი კვირის შემდეგ კვირიკაშვილი მოხსნეს...“, -აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძესთან ვრცელ ინტერვიუს მკითხველი „კვირის პალიტრის“ 11 მარტის ნომერში იხილავს.