როდესაც უსამართლოდ გიშვებენ იმ ბანკიდან, რომელსაც 27 წელი აშენებდი, როდესაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შესახებ პროკურატურის პრესკონფერენციის ფონზე ეროვნული ბანკი იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს უნდა ელოდო, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან მასთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა შანტაჟს.
„შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე "თიბისიდან", წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.