წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წელს 35%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

„რაც შეეხება გასული წლის მე-4 კვარტლის მაჩვენებლებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის IV კვარტალში 197.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 62.3 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.