სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება კონკრეტულად სექტორებს, 472,6 მლნ დოლარიდან 209,9 მლნ დოლარამდე, დაახლოებით, 55,5%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. უძრავ ქონებაში ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 50%-ით დაიკლო, თუ 2017 წელს ამ სექტორში 182,2 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 90 მლნ დოლარამდე შემცირდა. 283,1 მლნ დოლარიდან 103,6 მლნ დოლარამდე (დაახლოებით 63%) შემცირდა ინვესტიციები სამშენებლო სექტორშიც.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით შემცირდა ინვესტიციები საფინანსო სექტორსა და ენერგეტიკაშიც. 2017 წელს საფინანსო სექტორში 302,6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წელს კი 277,9 მლნ დოლარის; ენერგეტიკაში კი ერთი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა 224,1 მლნ დოლარიდან 157, 2 მლნ დოლარამდე შემცირდა.