გიორგი კვირიკაშვილი - წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გავზრდით სისწრაფეს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით

ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გავზრდით სისწრაფეს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბიუჯეტში არსებული დანაკლისის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ძალიან ბევრი პრობლემები არის იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან შემსრულებელი კომპანიები. სამწუხაროდ, იმ კანონმდებლობამ, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს და რომლის შეცვლასაც ვგეგმავთ, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი კომპანიის შერჩევისას იყო ფასი და კომპანიები შედიოდნენ დემპინგური ფასით ტენდერებში და ისინი იძულებულნი იყვნენ, ე. წ. პირამიდა ეთამაშათ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. ამიტომ ძალიან ბევრ მათგანს არ აქვს საბანკო გარანტიების წარმოდგენის შესაძლებლობა და ასევე ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის დადგენილი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონმდებლობა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იქნას დაზღვეული კორუფციის რისკები. მაგრამ ამავე დროს, შემოსატანია ახალი კრიტერიუმები, რომ უფრო მაღალი ხარისხის კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ტიპის ტენდერებში. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც ბევრს ვმუშაობთ, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.