Turkish Airlines-ი ათათურქის აეროპორტში ფრენებს 5-6 აპრილის გასაყარზე, ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე შეწყვეტს და იმავე დღის 14:00 საათიდან, ოპერირებას უახლეს, სტამბოლის გიგანტურ აეროპორტში დაიწყებს.
სტამბოლის ახალი აეროპორტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნა. მისი გახსნა, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს დაემთხვა. თუმცა მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. სრულად დაკომპლექტების შემდეგ, აეროპორტს სულ ექვსი ასაფრენი ზოლი ექნება და წლიურად 150 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
ახალი აეროპორტი 100-ზე მეტი ავიახაზის და 300-ზე მეტი მიმართულების მომსახურებას შეძლებს. ათათურქის სახელობის აეროპორტი, რომელიც შარშან 68 მილიონ მგზავრს მოემსახურა, სხვა საჭიროებებს მოემსახურება და სათადარიგო აეროპორტის რანგში იმუშავებს. მასზევე იგეგმება ბაზრობების გამართვა.
Turkish Airlines-ი 1933 წელს დაარსდა და თავიდან მხოლოდ 5 თვითმფრინავით ოპერირებდა. ამჟამად კი მის ფლოტში 330-ზე მეტი თვითმფრინავია, რომელთა შორის, სამგზავროს გარდა, სატვირთო თვითმფრინავებიც შედის. კომპანია 124 ქვეყანაში, 306 მიმართულებით დაფრინავს. შარშან „თურქიშ ეარლაინზი“ 75.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა და მისი რეისებისას, ადგილების 82 პროცენტი შევსებული იყო.