გერმანიის სამ ავტომწარმოებელს მილიარდიანი ჯარიმა ემუქრება

ევროკომისია უახლოეს მომავალში დაასრულებს ანტიმონოპოლიურ გამოძიებას კომპანიების - BMW, Daimler და Volkswagen Group-ის წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილნი არიან სპეციალური ჩიპების უკანონო ინსტალაციაში საკუთარ ავტომობილებში, რის შედეგადაც ყალბდებოდა გამონაბოლქვის ზუსტი მონაცემი. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯარიმამ შესაძლოა, მიაღწიოს 1 მილიარდ ევროს. ყველაზე მეტის გადახდა კი მოუწევს BMW-ს, რომელმაც უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. გამოცემა დასძენს, რომ ავტომწარმოებლებმა კომენტარზე უარი თქვეს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ამასთან, ისინი აპირებენ პოტენციური ჯარიმის გასაჩივრებას სასამართლოს გზით.

გასული წლის ივლისის ბოლოს Spiegel-ი წერდა, რომ გერმანული ავტომწარმოებლები 90-იანი წლებიდან ათანხმებდნენ ერთმანეთში ავტოდეტალების შესყიდვას და მათ შორის, დიზელისძრავიან ავტომობილებში გამოსაბოლქვი სისტემის მექანიზმის დაყენებასაც კი. „ჯამში გაიმართა 60 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა კონცერნების 200 თანამშრომელი. ამასთან, მათი მიზანი იყო მინიმუმამდე დასულიყო ერთმანეთთან კონკურენცია“, - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სამივე კომპანია შეამოწმა.

კოკა კვირკველია