კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარე ჯუნდონგ კიმს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კორეის ბიზნესსექტორის 40-მდე წარმომადგენელი. გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
გიორგი ქობულიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.
„კორეელი ბიზნესმენების მხრიდან გაჟღერდა ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგში, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი კომპანია „ქეი ვოთერსის“ სახით, რომელიც ნენსკრაჰესს აშენებს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარემ ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პროცესში.
„საქართველოში ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეელი ბიზნესმენები, ეს დაგვეხმარება, რომ მათ საქართველო უკეთ გაიცნონ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ვიმედოვნებ, კორეასთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება და კორეელები საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ინვესტორები გახდებიან“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.