სახელმწიფო შესყიდვა, რომელშიც მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა, შეწყდა

სახელმწიფო შესყიდვა, რომელშიც მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა, შეწყდა. საუბარია, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც წინადადება მხოლოდ შპს „ვიონი საქართველომ“ (ბილაინი) წარადგინა.

როგორც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, შესყიდვის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ ერთი პრეტენდენტის არსებობა გახდა.

„ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო პირობები უმთავრესად დაფუძნებულია პრინციპზე, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს საკომუნიკაციო ბაზარზე და გულისხმობს ერთზე მეტი გამარჯვებულის არსებობის შესაძლებლობას ტენდერში, რაც თავის მხრივ, შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ იმ მობილური ოპერატორის ქსელში, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას, მათ შორის, ტერიტორიული დაფარვის კუთხით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის. ტენდერში ერთი მონაწილე მობილური ოპერატორის არსებობა, შეიცავს რისკს იმის თაობაზე, რომ მისი მცირე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაშიც კი შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებს შეექმნათ მასობრივი პრობლემა სატელეფონო კავშირის შენარჩუნების კუთხით, რაც თავისთავად, შეუქმნის საფრთხეს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. საკითხის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ზემოაღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის კვლევა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება განხორციელდეს ხელახლა,“-აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა.

ცნობისთვის, გასულ წელს გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერშიც თავდაპირველად მხოლოდ შპს „ვიონი საქართველო“ მონაწილეობდა. მაგრამ მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის გამო სატენდერო კომისიამ ტენდერი შეწყვიტა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა თავიდან გამოცხადდა. საბოლოოდ, გასულ წელს ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს კომპანიები იყო: „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ვიონი საქართველო“.

თაია არდოტელი