თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბრალდებებს პასუხობს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული, Georgian Airways-ს “ტავ ჯორჯიას” მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება. ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას არ შეასრულებს, „ტავ ჯორჯია“ იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა.
„ტავ ჯორჯიას“ მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ავიაკომპანია უარს ამბობს დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტავ ჯორჯიასა და Georgian Airways-ს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა უკვე 14 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც აეროპორტების ოპერატორი კომპანია საქართველოში ბაზირებული, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა. კერძოდ:
1. Georgian Airways - აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს სახმელეთო მომსახურება საკუთარ საჰაერო ხომალდებსა და მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს;
2. Georgian Airways - 2005 წლიდან სარგებლობს 50%დან - 80%-მდე ფასდაკლებით ტავ ჯორჯიას მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად (ბოლო სამი თვეა ავიაკომპანია მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით მხოლოდ მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების 50% იხდის);
3. 2015 წლიდან Georgian Airways სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ექსკლუზიურად მისთვის შედგენილი გადახდის სპეციალური გრაფიკით, რაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდას ზაფხულის განმავლობაში გულისხმობს;
4. Georgian Airways – ამ ეტაპზე არის ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანია, რომელსაც ტავ ჯორჯიამ მგზავრთა მოსაკრებელი 24 USD-დან 19 USD-მდე შეუმცირა. (აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 50 000 აღემატება);
5. Georgian Airways - 2017 წლიდან სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც აღნიშნულ სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავებული ამ სპეციალური ტარიფით სარგებლობენ თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიები;
6. Georgian Airways 2010 - წლიდან სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ადგილობრივ რეისებზე შემუშავებული სპეციალური ტარიფით. აღნიშნული შეღავათი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები.
ამ ყველაფრის ფონზე Georgian Airways ქსენოფობიური განცხადებებით, უსაფუძვლოდ ახდენს ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას და კვლავ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს,“-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა", რომლის თანახმადაც, თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.
„ისეთი გადასახადები, როგორიც "ტავ ურბან ჯორჯიას" აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ "ტავ ურბან ჯორჯიას" მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.
"ტავ ურბან ჯორჯიას" წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. "ტავ ურბან ჯორჯია" უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.
"ტავ ურბან ჯორჯიას" ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს "ტავის" ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ),“-აღნიშნული იყო ავიაკომპანიის განცხადებაში.