„100 მლნ-ის ინვესტიციის წარმოჩენა, თითქოს ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანება ხდება, ცოტა გადამეტებულია და ინვესტორებთან შეკითხვები გააჩინა“.
ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ცალსახაა, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება.
„საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება და ეს არის ცალსახა. ეს კომერციულად გამართლებული არ არის, რაც ვფიქრობ 2016 წელს შესაბამისად იყო გააზრებული და არჩევანი ანაკლიის პორტზე გაკეთდა. რაც შეეხება ფოთს, საუბარია, 100 მლნ დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ნაყარი ტვირთების ტერმინალის გაფართოების პროექტს უნდა მოხმარდეს და დამერწმუნეთ, 100 მლნ დოლარით სრულყოფილ ღრმაწყლოვან პორტს ვერავინ ვერ ააშენებს. ამ 100 მლნ დოლარის ინვესტიციის შეფუთვა, რომელიც ნაყარი ტვირთების ტერმინალს შეეხებოდა, მისი წარმოჩენა, როგორც მთლიანად პორტის გაღრმაწყლოვანება, ცოტა გადამეტებული იყო და ინვესტორებთან შეკითხვები გაგვიჩინა. ასეთი ინფორმაციები ხელს გვიშლის ინვესტორების დარწმუნებაში რომ ანაკლია რჩეული და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ახვლედიანმა.