იაპონურმა ავტოკონცერნმა Nissan-მა გამოაცხადა, რომ მისი კომპაქტური ელექტროჰეჩბეკი Leaf გახდა პირველი ელექტრომობილი, რომლის გაყიდვებმა 400 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ CNBC წერს.
საკუთარ განცხადებაში კომპანია ხაზს უსვამს, რომ ამ დონის მიღწევა გლობალურ ბაზარზე Leaf-ის როლის განმტკიცებამ განაპირობა.
Nissan-მა დასძინა, რომ Leaf-ის გაყიდული ავტომობილების რაოდენობა, მისი გამოშვებიდან დღემდე, საკმარისი იყო წლიურად 3,8 მილიონი ბარელი საწვავის დაზოგვისთვის.
როგორც ცნობილია, ელექტრომობილების მიმართ ინტერესი მაღალია და წლიდან წლამდე იზრდება, შედეგად კი მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლებიც სულ უფრო მეტ და მეტ ელექტრომობილს უშვებენ ბაზარზე. ისინი ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე მომდევნო წლების განმავლობაში 300 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ.