თბილისის მერია მიმდინარე წელს ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გზებზე ავტობუსის გასავლელი ზოლებიც დაიხაზება.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება იმისთვის, რომ პრობლემური უბნები ერთმანეთს თავისუფლად დაუკავშირდნენ და მოქალაქეებმა თბილისში საქალაქო ტრანსპორტით უპრობლემოდ ისარგებლონ.
„მთავარი მიზიდვის წერტილი იდენტიფიცირებულია და ეს არის ვაკე-საბურთალოს მიმართულება. ამასთან, ერთ-ერთი არის ძველი თბილისი, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ტრანსპორტის დაკავშირება იმგვარად, რომ ეს მოსახლეობისთვის იყოს კომფორტული და აღმოვფხვრათ ის მიზეზები, რის გამოც ადამიანებმა იყიდეს ბევრი კერძო ავტომობილი. ავტომობილები შეიძინეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღეს გადაადგილება პრობლემურია. ხაზები ისე არ არის დალაგებული, რომ ადამიანმა კომფორტულად იმგზავროს და საცობში არ მოხვდეს. ამის პრაქტიკა უკვე შევქმენით და ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, რობაქიძის, შარტავასა და კოსტავას ქუჩები“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, კიდევ ათი ქუჩა დაემატება, მათ შორის მოიაზრება წერეთლის გამზირი. მუმლაძის განმარტებით, ამ დროისთვის კი ასეთი შეზღუდვა 14 ქუჩაზეა დაწესებული.