მამუკა ბახტაძე - „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად, არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.