„გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება - სატრანზიტო საფასური გაზრდილია, რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია"

„გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება: სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელმა გუნდმა კარგად გამოიყენა მსოფლიოში ნავთობის ფასების დინამიკა. მისივე თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან იყო დათმობების მზადყოფნა და საქართველომ გაუმჯობესებას მიაღწია ქვეყნისთვის საინტერესო კომერციულ საკითხებში.

ნათია თურნავას ინფორმაციით, „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება 2019-2020 წლების განმავლობაში იქნება ძალაში.

„ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები რუსული გაზის სომხეთთან ტრანზიტთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ეს საკითხი წარვუდგინეთ მთავრობას. მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ეს ორივე პრინციპი ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. შემიძლია გითხრთ, რომ ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება - სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით. აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად გაზის სფეროში. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე, შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ.

მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან“. ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და ეს ხელშეკრულება იმოქმედებს 2019-2020 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საკითხის კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა ციფრები, რადგან მისი თქმით, კომერციული საიდუმლოს არსია, რომ არ მოხდეს ფასების გასაჯაროება.

„გაზპრომთან“ შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მე ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ გეუბნებით დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში არის ჩვენს სასარგებლოდ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.