საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.
პროექტში მათ შორის საუბარია, შეზღუდვებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევისთვის, რაც შესაბამისობაშია საკუთრებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან.
„კერძოდ, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) სასარგებლოდ. ასევე დაუშვებელია, აღნიშნული პირებისათვის ისეთი მოთხოვნის ან უფლების დათმობა, რაც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
გამონაკლისი შემთხვევები დგინდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის ფაგლებში, ასევე, უცხოელის მიერ ქონებრივი უფლების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში. ვინაიდან, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობა სწორედ ამგვარ საქმიანობას ითვალისწინებს, შესაბამისად მათ მიმართ ვერ გავრცელდება ეს შეზღუდვა, თუმცა, მხოლოდ კანონით ნებადართული საქმიანობის ფარგლებში.
ამასთან, ვინაიდან კანონი უშვებს მემკვიდრეობის საფუძველზე უცხოელის საკუთრებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არალოგიკური იქნებოდა სხვა ქონებრივი უფლებების მემკვიდრეობით მიღების დაუშვებლობა,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.