რუსეთის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველოში გვქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ განუცხადა.
ურუშაძის თქმით, დაინტერესება უფრო მეტად არის ანაკლიის პორტით, ვიდრე „თიბისი ბანკით“. მისი თქმით, ამასთან, მრავალი კითხვა და მათზე პასუხების არ არსებობა ადასტურებს, რომ სწორედ ანაკლიის პორტი არის მთავარი მიზეზი იმ „შავი პიარისა“ და უარყოფითი კამპანიისა, რომელიც კონსორციუმის დამფუძნებლების მიმართაა.
„თავიდანვე, როდესაც დაიწყო პროცესები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, მქონდა ეჭვი, რომ საქმე უკავშირდებოდა ანაკლიის პორტს, რაც ეტაპობრივად მართლდება კიდეც. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ იმ ადამიანებისთვის შეექმნა პრობლემები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან პროექტს უდგანან სათავეში და ისეთ დროს, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საფინანსო ინსტიტუტებთან. რითაა ეს განპირობებული და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, რაც ხდება ანაკლიის პროექტის ირგვლივ, ეს ცალკე საკითხია“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.
მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეა, რამდენადაც ანაკლიის პორტი პირდაპირ კონკურენციაში შედის რუსეთის პორტებთან, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს.
„ტვირთი, რომელიც გადმოინაცვლებს რუსეთის სატრანსპორტო დერეფნიდან საქართველოში, რუსეთისთვის იქნება დანაკარგი. მთავრობის შეტევა კონსორციუმის დამფუძნებლებზე შეიძლება უკავშირდებოდეს კრემლის პირდაპირ დირექტივას და ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რომ ხელი შეეშალოს ამ პროექტს, ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა ფაქტი სახეზეა - საქართველოს მთავრობა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ურუშაძემ.
ურუშაძის განმარტებით, მოსაზრება, რომ ეს პროცესები ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება და გარკვეულ პირებს სურთ თავად მოიპოვონ პროექტის განხორციელების ექსკლუზიური უფლება, ნაკლებად რეალისტურია რადგან ეს პროექტი არაა სრულად კომერციული. მისივე თქმით, გარდა პირდაპირი კომერციული ინტერესებისა, მასში დევს სახელმწიფოებრივი ინტერესები და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივებს ხედავენ.
„ჰაბ ჯორჯიას“ დირექტორის თქმით, როგორც ახლა ირკვევა პროექტს თავიდანვე ჰქონდა მთავრობის მხრიდან პრობლემები, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ და მხოლოდ ახლა, როდესაც ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ხმამაღლა ხდება ბევრ საკითხზე საუბარი, ხოლო მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან აპელირება, რომ კონსორციუმი ვერ ასრულებდა მოვალეობებს დროულად, კიდევ ერთხელ აჩვენებს არსებულ დამოკიდებულებას.
„სახელმწიფომ შექმნა ანაკლიის განვითარების სააგენტო, რომელიც მუდმივ კოორდინაციაშია კონსორციუმთან და ჩართულია პროცესებში, შესაბამისად თუ რამე არასწორად კეთდებოდა და თუ კონსორციუმი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, აქ ტექნიკურად უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. ვფიქრობ, რომ ანაკლიის პროექტი უნდა გახდეს სახალხო. მას მეტი მხარდაჭერა და თანამონაწილეობა სჭირდება არა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ამასთან მოქალაქეების მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქის სხვადასხვა ფორმით ჩართულობა, როგორც ინვესტიციებში მონაწილეობის თვალსაზრისით ასევე მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ანაკლიისა და ფოთის პორტი არაა ერთმანეთის კონკურენტი. ორივე ერთად უნდა იყოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძველი,“-აცხადებს ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტში ნული ლარია ჩადებული, ხოლო 100 მილიონი, ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ მიიღებს.
„ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა. სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი,”-განაცხადა ხაზარაძემ.