თბილისის სასმელ წყალში პრობლემები წლების განმავლობაში რეგლამენტთან შეუსაბამობის კუთხით, არ დაფიქსირებულა, გამოწვევები რჩება რეგიონებში, სასოფლო ტიპის დასახლებებში, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა,რეგიონებში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი.
„იცით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს წლების განმავვლობაში ახორციელებს და ჩვენ 2010 წლიდან ნიმუშების და დაკვირვების ობიექტების რაოდენობა გავზარდეთ მნიშვნელოვანწილად. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუში გვაქვს ყოველ წელს გეგმაში და სასმელი წყლის მონიტორინგი რეგულარულად ხდება. აქ ერთი ტენდენცია ცალსახაა, თბილისის სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება სასმნელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. თბილისის სასმელ წყალში პრობლემები წლების განმავლობაში რეგლამენტთან შეუსაბამობის კუთხით, არ დაფიქსირებულა. უმჯობესდება სიტუაცია დიდ ქალაქებში როგორიც არის ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი. თუმცა, ჩვენთვის კვლავ გამოწვევად რჩება და მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილია ინფრასტრუქტურული მდგომარეობის კუთხით მცირე დასახლებებში და სასოფლო დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მომარაგება ხდება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ეს არის გადასაწყვეტი საკითხი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, ორი კვირის წინ იყო პრემიერ-მინისტრთან თათბირი, სადაც ეს თემატიკა განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოცხადდა და პრემიერმა საკითხი კონტროლზე აიყვანა.
„შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. თუმცა, ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან საბიუჯეტი ხარჯებთან, ჩვენ ფაქტიურად ისტორიული მემკვიდრეობის გამოსწორება გვიწევს ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განცახდებით, სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.
„მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან ზუსტი კომუნიკაცია მოვახდინოთ. ეს არის საინტერესო ტურიზმის კუთხითაც, რადგან ხშირ შემთხევვაში ინფორმაცია დაზუსტებული ფორმით არ ვრცელდება. როცა ფიქსირდება დარღვევები, ჩვენი მხრიდან შეტყობინებები ეგზავნება როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებს, მათ შორის იმ ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წყალმომარაგებაზე და კონკრეტულ ლოკაციებზე გაიცემა სპეციალური მითითებები და რეკომენდაციები სასმელი წყლის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.