"უცხოელებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწას,  მისი გაყიდვის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ"

უცხოელებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწას, მისი გაყიდვის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ. მათზე ახალი სანქციები და ვალდებულებები არ უნდა ვრცელდებოდეს, რადგან არ შეეძლოთ წინასწარ, მიწის ყიდვის მომენტში სცოდნოდათ, რომ სახელმწიფო ასეთ რეგულაციებს შემოიღებდა,- ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის იურისტმა ირაკლი გაფრინდაშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი გააცნო.

ფერმერთა ასოციაციის იურისტის თქმით, არსებობს შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით.ირაკლი გაფრინდაშვილი კონკრეტულ ხარვეზებს ხედავს კანონპროექტის იმ ნაწილში, რომელიც კანონის უკუქცევით ძალას შეეხება და უცხოელ მიწის მფლობელებს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში მიწის გაყიდვას ავალდებულებს.

„არის გარკვეული შენიშვნები კანონის უკუქცევით ძალასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არსებულ მესაკუთრეებს იმავე ვალდებულებების შესრულებას აკისრებს, რაც მომავალ მესაკუთრეებს დაეკისრებათ. ვთვლით, რომ უკვე არსებული მიწის უცხოელი მესაკუთრეები უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა ჩადგნენ, რადგან მათ როდესაც მიწა იყიდეს, კანონი და საკონსტიტუციო შეზღუდვა არ არსებობდა. შესაბამისად, მათზე უფრო რბილად უნდა გავრცელდეს ახალი რეგულაციები, რაც უკავშირდება გაყიდვის, დამუშავების ვალდებულებას და სანქციებს“, -განაცხადა გაფრინდაშვილმა.

იურისტი ხარვეზებს ხედავს სასოფლო-სამეურნეო მიწის უზრუნველყოფის სახით გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებითაც, თუმცა ამბობს რომ სავარაუდოდ, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოსალოდნელი არ არის.

„იყო საუბარი რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინებაზე, რომელიც ძირითადად უკავშირდება უზრუნველყოფის ღონისძიებებს, საფინანსო სექტორისთვის 2 წლიანი გასხვისების ვალდებულების შემსუბუქებას, თუმცა ძირითადი ნაწილი ალბათ დარჩება უცვლელი.უცხოელი ინვესტორებისთვის რჩება გზები, რომ სოფლის მეურნეობაში ჩადონ ინვესტიციები, თუმცა ვთვლი რომ ეს ცვლილებები გარკვეულწილად შეაფერხებს ინვესტიციების მოზიდვას“, -აღნიშანა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, ასევე „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები.

კანონპროექტის არსებული რედაქციით, თუ უცხოელი არ გამოიყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ზედიზედ 3 წლის განმავლობაში, მას 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის გამოყენების ვალდებულებას. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელმა უნდა მოახდინოს მიწის გასხვისება. მიწის გასხვისება მოუწევს ასევე იურიდიულ პირსაც, თუ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გაუსხვისებლობის შემთხვევაში, მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომელთა მფლობელები უცხოელები არიან. ისინი ვალდებულნი არიან, 2 წლის ვადაში გაასხვისონ მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 80 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.