თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

თბილისში უმსხვილესი ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ბიზნესმენებმა, მამუკა ხაზარაძემ, კურტ კონტმა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა დიმიტრი ტვილდიანმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის 60 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია საქართველოში, რომელსაც კომპანია "თიბისი ჰოლდინგი" გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგი "კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი "აიეტი" ახორციელებენ.

დიმიტრი ტვილდიანის ინფორმაციით, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიანი, 150 საწოლიანი, სამედიცინო დაწესებულება იქნება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (10 ჰა) ორი წლის ვადაში აშენდება.

მისივე თქმით, ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტისა" და აშშ-ის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.

კორტ კონტის თქმით კი, საქართველო ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა საინვესტიციო კუთხით.

"ჯანდაცვის მიმართულებით მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ცენტრი, რადგან სტრატეგიულად ქვეყნის მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ჩვენი ინვესტიციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა კორტ კონტიმ.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს იქნება საერთაშორისო დონის ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული ჰოსპიტალი. მისივე თქმით, ეს ჰოსპიტალი საშუალებას მისცემს ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს, მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში.

ამერიკულ ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები. ამერიკულ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, 400-მდე ადამიანი დასაქმდება.