საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია აცხადებს, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, მზად არის დაიცვას „თიბისის“, როგორც ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“თიბისი ბანკთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ იანვრის დასაწყისში, მაშინვე როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც მოვიწვიეთ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი “თიბისი ბანკში” თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია, ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ.
ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.
ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში.
ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია.
აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას“,- ნათქვამია განცხადებაში.