უცხოელს, მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიწის გაყიდვა აღარ მოუწიოს, მაგრამ ყოველ წელს 20-30 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
ეს ერთ-ერთი ცვლილებაა კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე განიხილება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გარდა ამისა, არის სხვა ცვლილებებიც, რომლებსაც დეპუტატები ამ დღეები ინტენსიურად იხილავენ.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია ორგანული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". ცვლილებების განხილვის პროცესში, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხი იყო.
სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების დროს, უცხოელს, თუ ის არ გამოიყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ზედიზედ 3 წლის განმავლობაში, ჯარიმა დაეკისრება. სანქციები ეხება ფინანსურ ინსტიტუციებსაც, თუ 2 წლის განმავლობაში არ მოახდენენ მიწების გასხვისებას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის გამოყენების ვალდებულებას. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელმა უნდა მოახდინოს მიწის გასხვისება. მიწის გასხვისება მოუწევს ასევე იურიდიულ პირსაც, თუ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გაუსხვისებლობის შემთხვევაში, მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
კანონპროექტის ავტორ ოთარ დანელიას განცხადებით, შესალძოა, მიწის გასხვისების ვალდებულება საჯარიმო სანქციით ჩანაცვლდეს.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და, სავარაუდოდ, ჩავანაცვლებთ საჯარიმო სანქციით. სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ არ მუშავდება მიწის ნაკვეთები. აქ არის ზღვრული დადგენილი რაოდენობა, მათ შორის 20-30 ათას ლარამდე შეიძლება იყოს საჯარიმო სანქციები უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირებზეც.
ჯერ არ მიგვიღია ეს საკითხი, ვინაიდან არ დაწყებულა საკომიტეტო განხილვები. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც არის დისკუსიის საგანი, თუმცა გამოვდივართ ეროვნული ინტერესებიდან", - აცხადებს დანელია.
ცვლილებები მხოლოდ კერძო პირებზე არ გავრცელდება. საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა დომინანტ პარტნიორი უცხოელი ან არარეზიდენტი კომპანიაა, სესხის უზრუნველყოფაში ჩარჩენილი სასოფლო მიწის ფლობა მხოლოდ 2 წლით შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მიწა მათ საკუთრებაში გადავა, აეკრძალებათ მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებაც.
ასეთივე მოთხოვნაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, მაგალითად, როგორიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი „ოპიკი" ან სხვა.
პროექტში საუბარია შეზღუდვებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევისთვისაც, რაც შესაბამისობაშია საკუთრებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან.
„ქართული პოლიტიკა მიწასთან დაკავშირებით ჩიხშია", - ასეთია „სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის" თავმჯდომარე კობა კობალაძის პოზიცია. „რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი აღნიშნავს, რომ საჯარიმო სანქციები უფრო ოპტიმალურია, ვიდრე გაყიდვის ვალდებულებები.
„ძალიან ხშირად ხდება, როდესაც უცხოელი იჯარით იღებს ან ყიდულობს მიწას და არ ამუშავებს. ჩვენ ამ პრობლემის წინაშე დავდექით. დეპუტატები ხშირად საუბრობენ, რომ ქართველები ზარმაცები არიან და ამიტომ არ ამუშავებენ. სინამდვილეში, პოლიტიკა მიწასთან დაკავშირებით მთლიანად ჩიხშია შესული და არასწორია.
პირველ რიგში საჭიროა ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა და მისთვის მოსავლის მოცემის უნარის დაბრუნება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 30 წელი ეს არ მომხდარა, სავარგულები გამოიფიტა, ამიტომ ვერავის მოსთხოვ, უშედეგოდ იმუშაოს.
რაც შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც მიწას ფლობენ, მაგრამ არ ამუშავებენ. ერთი მხრივ ეს არასწორია, მაგრამ მათთვის უძრავი ქონების ჩამორთმევა ძალზე საზიანოა ქვეყნის იმიჯისათვის. ამიტომ ამ შემთხვევაში, ალბათ, ბევრად ოპტიმალურია დიდი საჯარიმო სანქცია", - აცხადებს „რეზონანსთან" კობალაძე.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"