სესხის გამცემ სუბიექტად სებ-ში მხოლოდ 16 ინდმეწარმე დარეგისტრირდა

1-ლი იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად 91-მდე მოთამაშე დარეგისტრირდა, შესაბამისად, მათ საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების უფლება უკვე აქვთ.

დარეგისტრირებულებიდან 74 სუბიექტი, ანუ 80%-ზე მეტის იურიდიული სტატუსი არის შპს, 16 სუბიექტის სტატუსი არის ინდივიდუალური მეწარმე და მხოლოდ ერთია სააქციო საზოგადოება.

აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული სუბიექტების 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სუბიექტებს დარეგისტრირება 30 აპრილამდე შეეძლებათ. თუ კომპანიები სებ-ში არ დარეგისტრირდებიან, მათ მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნებათ.

სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეებს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთები ასე გამოიყურება:

ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;

ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;

დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;

რაც შეეხება სალიცენზიო მოსაკრებელის განაკვეთებს, საბანკო საქმიანობის შემთხვევაში ეს 200 000 ლარს შეადგენს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობის შემთხვევაში კი 10 000 ლარს.