დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს.
კერძოდ, როგორც კალაძემ 13 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებლობა მათთვის არ არის მისაღები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან.
ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ - განაცხადა ქალაქის მერმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად ბექა ოდიშარიას არქიტექტურის სამსახურისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს მიმართული. 2018 წელს კი სამსახურისგან პროექტის ესკიზზე თანხმობაც აქვს მიღებული.
"საპროექტო ტერიტორია მდებაროებს თბილისის ისტორიულ უბანში „ხარფუხში“, ბერძნის ქ N39-ში. ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება კლდე, სამხრეთით შინდისისაკენ მიმავალი გზა, აღმოსავლეთით არსებული საცხოვრებელი სახლი. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მაღლობეზე, რომელიც ჩრდილოეთით ქალაქისკენ მიმართულ ფერდობზე ეშვება, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი. ფერდობი განაშენიანებულია დაბალსართულიანი საცხოვრებელის სახლებით. ბოლო დროს განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ნაკვეთის აღმოსავლეთით არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოაგდენს 4 სართულიან მასიურ მოცულობას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაბალი ინტენსივობის მქონე სასტუმროს მშენებლობა. ახალი მოცულობის არქიტეტურული გადაწყვეტა აგრძელებს თბილისის ისტორიული განაშენიანების ხასიათს. სხვადასხვა სიმაღლისა და გაბარიტების მქონე მოცულობები, ასევე განსხვავებული ფასადებით, ტერასებად არის განლაგებული ფერდობზე. ამ გზით შენარჩუნებულია ავთენტური ურბანული ქსოვილი და განაშენიანების თავისებურება,"-აღნიშნულია სამსახურში წარდგენილ განცხადებაში.