სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას, არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი”, - ასე ეხმაურება დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თაბორის #1 სასტუმროს მშენებლობა მისაღები არ არის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ოდიშარიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა არასწორი და ზოგჯერ დამახინჯებული ინფორმაცია და თბილისის მერს, „რეალობის წარმოჩენისთვის“ მადლობას უხდის.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ქმედებები სწორედ თბილისის ინტერესს უნდა მივუსადაგოს. ასე ვფიქრობდი სხვა საინვესტიციო „ქეისების“ შემთხვევაშიც და ასე იქნება ახლაც. სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას და მადლობას ვუხდი მას იმ რეალობის ნათლად წარმოჩინებისათვის, რასაც ასე საგულდაგულოდ ამახინჯებდნენ ამ პერიოდში, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე თბილისის ფსევდო გულშემატკივარი პოლიტიკოსები, რომელთა ერთ ნაწილს სხვათაშორის, წილიც უდევთ შექმნილ სიტუაციაში“, - აღნიშნავს ბექა ოდიშარია.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით, 2007 წელს შეიძინა და არავის უცნობებია მისთვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდვები არსებობდა. ბექა ოდიშარია დეტალურად საუბრობს სასტუმროს პროექტირებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ტერიტორიაზე 30 სართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთები მეტწილად აუქციონის წესით მაქვს შეძენილი მშენებლობის უფლებით და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო. არცერთი აუქციონისას არც სიტყვიერად და მითუმეტეს, არც წერილობით არსად თქმულა იმის შესახებ, რომ აქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა. ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, რადგან ყველა ეს ინფორმაცია საჯარო გახლავთ. წინა ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზნებით გაუქმებული და შესაბამისად, ბაზიდან ამოღებული იყო ის დადგენილებები, რომელიც შემუშავებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. შესაბამისად, იქნება ეს ლანდშაფტი, თუ სხვა, სადღეისოდ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს განსხვავებული სურათი და რეალობა დედაქალაქში. ასე მაგალითად, თუკი ვიხელმძღვანელებთ და დავედარებით 80-იანი წლების მიდგომებს და მდგომარეობას, თბილისთან ახლად შემოერთებული რამოდენიმე სოფელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე ისინი შევიძინე არსებული ლანდშაფტური მდგომარეობით და მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება მომავალში არც განიხილებოდა! განსხვავებით იმ აპოკალიპტური სცენარისაგან, რომელიც ვიხილეთ ტროლების მიერ წარმოებულ კამპანიებში, როდესაც 3500 მ2 მიწის ნაკვეთი სამშენებლო “ პოლიგონად“ შეასაღეს მოსახლეობას, ხოლო ერთი, სამსართულიანი, მრავალ ტეხილიანი შენობა კი, რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას აღწევდა ხუთსართულიან ნიშნულს, თანამოქალაქეებს შეასაღეს ოცდაერთსართულიან მშენებლობად. თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი მშენებლობა ახდენს ზემოქმედებას გარემოს ენდემურობაზე.
დღეს მერიას განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომები აქვს, რომელსაც მე, როგორც რიგითი თბილისელი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ძველი უბნიდან, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ. დასრულების პროცესშია ახალი გენგეგმა და მე ამ აჟიოტაჟამდეც არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენს თაობას აქვს შანსი გადაარჩინოს თბილისი იმ ურბანულ კატასტროფას, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია დგას. ასე, რომ ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ასე უნდა იქნას აღქმული, რამდენადაც არ უნდა იყოს მესაკუთრე კეთილსინდისიერი და კანონის წინაშე გამართული, თუკი ქალაქის ინტერესი განსხვავებულია, უნდა არსებობდეს ორმხრივი კეთილი ნება, რომ ცივილიზებული დამოკიდებულებების გზით იზეიმოს უფრო დიდმა სიკეთემ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.