ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის თებერვლის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან, რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე რომია, მესამე ადგილზე კი პრაღა.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასეთია:
1.ვენა 2. რომი 3. პრაღა 4. ათენი 5. მემინგენი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 %-ით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა (587,643 მგზავრი), რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა.
მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.
1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.