ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო თეირანი დღე-ღამეში 1,5 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. ამის შესახებ ირანის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების შედეგად ირანმა 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.
ამ დროისთვის ირანი 1,1 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს დღე-ღამეში, ზოგჯერ კი მილიონზე ნაკლებს, ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იანვარში - განაცხადა ჰუკმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი დამატებით 45%-ით უნდა შემცირდეს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ გაიზარდოს.
„თქვენ მოისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომ აუცილებელია მაქსიმალური ეკონომიკური წნეხი ირანზე. მას ამავდროულად არ სურს გამოიწვიოს შოკი სანავთობო ბაზრებზე. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა“ - განაცხადა ჰუკმა.
მისივე თქმით, 8 გამონაკლისი ქვეყანა, რომელთაც ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ირანული ნავთობის იმპორტის საშუალება მაისამდე მიეცათ, სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო არ დაისჯება. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ნავთობის ექსპორტის სრულად შეწყვეტას. „ჩვენ განვაგრძობთ დაბალანსების პოლიტიკას“ - დასძინა მან.