„მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხა გამჭვირვალეა და ის ვერსად დაიმალება"

„მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხა გამჭვირვალეა და ის ვერსად დაიმალება - მედიკამენტებზე მოსარგებლეთა მოთხოვნა არის დაბალი, თუმცა „ევროპული საქართველოს" მონდომებას ვაფასებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ბიუჯეტი რაც იყო შარშან გამოყოფილი, მედიკამენტები იქნა სრულად შეძენილი და ეს მედიკამენტები დასაწყობებულია ჩვენს კონტრაქტორებთან და არის იმ სააფთიაქო ქსელში, რომლებთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მოსალოდნელი რაოდენობა მოსარგებლეთა, რომელიც ჩვენ დავთვალეთ სტანდარტით, გაცილებით ნაკლებია. არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხუთი მიზეზი ჩავშალეთ. ეს 5 სავარაუდო მიზეზია: ინფორმაციის ნაკლებობა, ქვეყანაში არსებული მედიკამენტის ნაცვლად ხდება გამოწერა ისეთი მედიკამენტის, რომელსაც მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული, დისტრიბუციის ქსელის არასაკმარისი სიფართოვე, ანუ არასაკმარისი რაოდენობის აფთიაქები, იმ ბიზნესპროცესის, რომლითაც უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების მიღება, სირთულე და არასწორი დანიშნულება. ვაფასებთ "ევროპული საქართველოს" დაინტერესებას, მაგრამ ეს არის რაც მოგახსენეთ",- განაცხადა სერგეენკომ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა და ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს.

მისი თქმით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ.