სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით, ჰაერის ხარისხზე საერთაშორისო აუდიტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ არის.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად ფაქტორად ავტომობილების გამონაბოლქვი სახელდება, რის შესახებაც ასევე, აღნიშნულია 2018 წლის აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ შემუშავდეს, დამტკიცდეს და განხორციელდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეროვნული სტრატეგია და პოლიტიკა.
ევროკავშირის მიერ ჰაერის დამბინძურებლებისათვის დაწესებული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის დასაშვები ნორმები 2008 წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირის მოთხოვნები წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ჰაერის ხარისხის ანალიზის ანგარიში პერიოდულად წარუდგინონ გარემოს ევროპულ სააგენტოს (EEA). დადგენილი ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევაში კი, ქვეყნები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ სამოქმედო გეგმები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
15 ქვეყნის აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება.
ამასთან, შერჩეულ 15 ქვეყანას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. კონკრეტულად, ყველაზე კარგი მაგალითი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ესტონეთი იყო – ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა. ხოლო ნეგატიური მაგალითებია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში წარადგინა ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო.
ერთობლივი აუდიტის შედეგების მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის, აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ 15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორების მიერ ჩატარებულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი საქართველოს გარდა ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. 2018 წლის შემოდგომაზე გამართულ ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველ გლობალურ კონფერენციაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო. იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ევროპის აუდიტორთა სასამართლო (Europian Court of Auditors) იტყობინებოდა, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობა 400,000-ს აღწევდა.