ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
პირველ ეტაპზე კომპანია 60 ადამიანის მომზადებას უზრუნველყოფს. პროფესიული განათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად „ნენსკრა ჰიდრომ“ შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ კოლეჯ „სპექტრთან“ გააფორმა.
პროგრამის ფარგლებში კოლეჯ „სპექტრის“ პედაგოგები თვითმცლელის, ექსკავატორის, გრეიდერისა და სატვირთველის ოპერატორებს მოამზადებენ.
კურსის თეორიული ნაწილი სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ჩატარდება, ხოლო პრაქტიკულ კურსს პროგრამის ბენეფიციარები თბილისში გაივლიან. ტრენინგ-კურსებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.
„ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პრიორიტეტი კი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. იმისათვის, რომ ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო მშენებელი კომპანიების სტანდარტებთან, “ნენსკრა ჰიდრომ” მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიულ გადამზადებაში და დააფინანსოს მძიმე ტექნიკის იმ სახეობების ოპერატორთა ტრენინგ-კურსები, რომლებიც ნენსკა ჰესის მშენებლობისას ყველაზე მოთხოვნადი იქნება. ამასთან, ჩვენი მიზანია, არა მარტო მომზადდეს ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის საჭირო კადრები, არამედ, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, დასაქმების ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.