ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმის პროექტზე თბილისის მერია და "სითი ინსტიტუტი“ აქტიურად მუშაობდნენ. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ხვალ საკრებულო განიხილავს, თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს, როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.
„ხვალ არის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ. დღეს ფრაქციის ფორმატში კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ და შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. კომისიურ ფორმატში წარმოდგენილ გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გვქონდა. შინაარსობრივად რეალურად აღარაფერი იცვლება. თითოეულმა ჩვენგანმა, მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ ეს დოკუმენტი დაგვეხვეწა და გათვალისწინებული ყოფილიყო, როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესები, შესაბამისად ხვალ უმრავლესობა მხარს დაუჭერს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.