ზვიად ციკოლიამ საათების წარმოება შესაძლოა, შვეიცარიიდან  საქართველოში გადმოიტანოს

ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა, წარმოება შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანოს. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათების დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ამისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო და ამჟამად ინვესტიციების მოძიების პროცესშია.

ზვიად ციკოლიამ საათების კერძო კომპანია „UNIQ“ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან კი საათები მისი გვარით TSIKOLIA – გამოდის.

საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრინავებისა თუ გემების სახელობისაა, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შვეიცარიიდან წარმოება გადმოვიტანო საქართველოში. თუმცა ამას ძალიან დიდი ინვესტიციები სჭირდება და ახლა ვართ თანხის მოძიების პროცესში. ვეძებთ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ამის გამოცდილება არ არსებობს, შესაბამისად, უნდა მოხდეს კადრების გადამზადება, რასაც ასევე სერიოზული თანხები სჭირდება. თუმცა მაქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათი ჩვენ დავამზადოთ. ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“,-განაცხადა ზვიად ციკოლიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ნინი ქეთელაური