თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდამ, დუალური გადასახადის მატებამ და თუთუნის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი დაბალი ხარისხის პროდუქციაზე გადაიყვანა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, რაც მასშტაბური გაძვირების ფონზე დიდი ვერაფერი შედეგია.
ბოლო თვეებში უამრავი მწეველი თამბაქოზე გადავიდა, ცოტამ თავიც კი დაანება მოწევას, რადგან ფასი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვინც ვერც თავი დაანება და ვერც თუთუნს მიეჩვია, იაფფასიან სიგარეტზე გადასვლა მოუხდა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მათი ჯანმრთელობა უფრო მეტად დადგა რისკის წინაშე. ვიდრე, ეს სიგარეტის გაძვირებამდე იყო.
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ კანონმდებლები თუთუნის ფასის მატებას აანონსებენ. ამ დროს მწეველთა დიდი ნაწილი სწორედ მის გამოყენებაზეა გადასული და ასე უკეთ უმკლავდებიან რთულ ფინანსურ მდგომარეობას. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ახლა უკვე ამტკიცებს, რომ თუთუნის გაძვირებასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება, ეს იყო მხოლოდ ზოგადი რეკომენდაცია.
„საუბარი მქონდა იმაზე, რომ უაქციზოდ არ უნდა იყიდებოდეს თუთუნი, მე გადასახადის ზრდაზე არანაირი ინიციატივა არ დამიყენებია და არავინ არაფრის გაძვირებას არ აპირებს, ეს არის ტყუილი აჟიოტაჟი. მწეველთა რაოდენობა სიგარეტის გაძვირების შემდეგ 3%-ით შემცირდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ეს რეგულაცია ნელ-ნელა მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რაც თავიდანვე მიზნად გვქონდა დასახული.
შენობებში მოწევისა და რეკლამების აკრძალვამ რა შედეგი მოიტანა, ამის განხილვა აუცილებლად იქნება. ვისაც დააინტერესებს, ყველა კითხვაზე პასუხს მოისმენს ჩვენგანაც, სპეციალისტებისგან და შესაბამისი უწყებებისგანაც", - განაცხადა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი, მინიმუმ, 1 ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.
„რეზონანსთან" თამბაქოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ბევრად იაფი უჯდება თუთუნის ყიდვა, ვიდრე ნებისმიერი იაფფასიანი სიგარეტისა.
„თავიდანვე, როგორც კი გააძვირეს სიგარეტი, ვიყიდე აპარატი და დავიწყე სახლში გახვევა. რა თქმა უნდა, გამიჭირდა შეჩვევა, მაგრამ რომ დავთვალე, იმის ნახევარიც კი არ მიჯდება თამბაქო, რაც აქამდე მიჯდებოდა, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი ახლა თუთუნის ყიდვაა. როგორც უნდა გაძვირდეს თუთუნი, სიგარეტის ფასზე გაცილებით იაფი მაინც იქნება.
გაძვირებით, არ მგონია, რომ ხალხი მოწევას გადაეჩვიოს. ყოველთვის იარსებებს ალტერნატიული გზები და ვერც კონტრაბანდას გააკონტროლებენ შესაბამისად. ამიტომ ახალი რეგულაცია, არ მგონია, დიდად სასარგებლო იყოს", - აღნიშნა გიორგი ლორთქიფანიძემ.
მწეველებისთვის თუთუნის შეძენა ყველაზე მომგებიანი გამოსავალი აღმოჩნდა. „რეზონანსთან" საუბრისას თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, რომ სწორი ადმინისტრირება და გასახვევი თამბაქოს გაძვირება ხელს შეუწყობს მწეველთა რაოდენობის შემცირებას.
„ხელით შესახვევი თამბაქოს დაბეგვრის რეჟიმი ჯერჯერობით ძალიან იაფია. მას შემდეგ, რაც იანვრიდან უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გათანაბრდა, რა თქმა უნდა, უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ხელისუფლებამ დაინახა, რომ აქ არის ხვრელი. ერთი კილოგრამი თამბაქო 35 ლარი ღირს და ბევრი გადავიდა მის მოხმარებაზე. სამჯერ მეტი რომ ღირდეს, ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა თუკი ყოველ კუთხე-კუნჭულში თამბაქოს მაღაზიები არ გაკონტროლდა, მწეველთა რაოდენობა ვერ შემცირდება, არადა, ეს არის ამ რეგულაციის მთავარი მიზანი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სახის თამბაქოს პროდუქტი ჯანმრთელობისა და ასევე ეკონომიკისთვის ძალიან საზიანოა. მკაცრი ადმინისტრირება პლუს გადასახადის გაზრდა ხელით დასახვევ თამბაქოზე იქნება პრევენციული და კარგი გზა", - აღნიშნა „რეზონანსთან" ბახტურიძემ.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"