ზვიად ციკოლია პირველი ქართული თვითმფრინავის მოდელის დახვეწაზე მუშაობს, რომლის რეალიზაციაც საზღვარგარეთ მოხდება. როგორც დიზაინერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ასეთი ტიპის თვითმფრინავის მიმართ დაინტერესება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, თუმცა საქართველოს მისი წარმოებისთვის საჭირო გამოცდილება და ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. შესაბამისად, თვითმრინავზე მუშაობა ახლაც კუსტარულად მიმდინარეობს.
სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი ზვიად ციკოლია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილია როგორც ავტომობილების - „პეჟო 1007“-ის, „ბუგატის”, „რუსო-ბალტიკის”, ჯავშანმანქანა „დიდგორის” და სხვა სამრეწველო გამორჩეული დიზაინების ავტორი. მის სახელს ასევე უკავშირდება საკვები პროდუქტების შეფუთვა, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები, ავეჯი, უნიფორმა, ველოსიპედი, თვითმფრინავი და შვეიცარიაში წარმოებული საათების ხაზი, რომელიც „ციკოლია“ ბრენდით იყიდება.
ამასთან, ზვიად ციკოლია სრულიად ქართული დიზაინის, პირველი ქართული თვითმფრინავის ავტორია. პროდუქტის შექმნის იდეა დაახლეობით 12 წლის წინ გაუჩნდა. მრავალი ტექნიკური თუ ფინანსური ბარიერის დაძლევის შემდეგ კი ლაჟვარდისფერი თვითმფრინავი სახელად - „ლიზი“ (თავისი პატარა ძმისშვილის პატივსაცემად) შეიქმნა.
პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი კომპოზიციური მასალებით დამზადდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. თვითმფრინავი არ იჟანგება და კოროზიას არ განცდის.
„ჩვენ ვაკეთებდით ქართულ პროექტს, რომლის გაყიდვაც საზღვარგარეთ უნდა დაგვეწყო. ახლა თვითმრინავის განვითარების პროცესში ვართ. პირველმა პროტოტიპმა აჩვენა, რა არის დასახვეწი და ალბათ, მალე უკვე საბოლოო ვერსია წასდგება გამოსაცდელად“,-აცხადებს ზვიად ციკოლია, თუმცა რამდენ ხანში მოხდება პროექტის დასრულება, კონკრეტულ ვადებს ჯერ ვერ ასახელებს.
„ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვართ ძიების პროცესში. საქართველოს პირობებში თვიმფრინავის შექმნა ძალიან რთული იყო, ყველაფრი ჩამოგვაქვს და ორმაგი განბაჟება გვიწევს. იმიტომ, რომ ეს მასალები გარკვეულ კატეგორიაში ხვდება, პოლიმერებში და ა.შ. რაც დამატებით იბეგრება.
გარდა ამისა, ჩვეთან არანაირი პირობები არ არის და მისი დამზადება კუსტარულად გვიწევს. ამასთან, ჩვენ ვითვისებდით იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც საქართველოში საერთოდ არასდროს გაკეთებულა. შესაბამისად, მუშაობის პროცესი საკმაოდ რთულია. იმისთვის კი, რომ ქარხანა და ყველა საჭირო აღჭურვილობა გაკეთდეს, 1-დან 1,5 მილიონი დოლარამდეა საჭირო“,-აცხადებს ზვიად ციკოლია.
რაც შეეხება დაინტეერსებას, როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მსგავსი ტიპის თვთმფრინავზე მოთხოვნა მრავალ ქვეყანაშია, შესაბამისად, მისი რეალიზებაც საზღვარგარეთ მოხდება.
„ამ პროდუქტისთვის მსოფლიო ბაზარი ღიაა. კერძოდ, ვგულისხმობ, ამერიკას, ევროპას და ავსტრალიას, სადაც ასეთი თვითმფრინავები ძალიან პოპულარულია. უფრო მეტად კი აშშ-ში, სადაც თავისუფლად შეგვიძლია შევიდეთ, როდესაც პროექტი უკვე სრულყოფილი იქნება“,-აცხადებს ზვიად ციკოლია.
წარმოების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არა ხელშეწყობა, დიზაინერი ამბობს, რომ თვითმფრინავის პროექტის მიმართ თავიდან დაინტერესება წამოვიდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები რომ გადადგმულიყო, ავტორი ახლა ფინანსების მოძიების პროცესში არ იქნებოდა.