2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, - ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლებაში არსებულ უთანასწორობაზე საუბრისას, საკმაოდ საგულისხმოა რეპეტიტორობის გავრცელებული პრაქტიკა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძო რეპეტიტორის საჭიროება არ უკავშირდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
„ამავე გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატებისთვისაც“,-აღნიშნულია კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები ასევე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით და ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა.
„მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%- ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია. რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, დანარჩენ საქართველოში კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი“,- ნათქვამია კვლევაში.
როგორც ორგანიზაცია PMCG განმარტავს, საქართველოს განათლების სისტემაში არსებული უთანასწორობა ჯერ კიდევ ბავშვების ადრეულ განათლებაში იღებს სათავეს. მათივე ინფორმაციით, მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ ადრეულ ბავშვობაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა შემდგომში კოგნიტური შესაძლებლობების, ჯანმრთელობისა თუ ქცევის კუთხით სხვადასხვა ტიპის უთანასწორობაში გადაიზრდება.
„სკოლამდელ განათლებას ამ მხრივ მნიშვნელოვანი განმათანაბრებელი როლის თამაში შეუძლია. მას შეუძლია შეუქმნას განათლებისა და განვითარების შესაძლებლობები ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან და ხელი შეუშალოს სიღარიბის თაობათა შორის გადაცემას. თუმცა, სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, საქართველოში სკოლამდელი განათლება ამ როლს ნაკლებად ასრულებს. UNICEF-ის ანგარიში სკოლამდელი განათლების შესახებ ცხადყოფს, რომ ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში ბავშვთა მხოლოდ 40% არის ჩართული სკოლამდელ განათლებაში, მაშინ როცა მთლიანად საქართველოში ეს მაჩვენებელი 70%-ს უახლოვდება“,- ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზემოთ განხილული მონაცემები წარმოაჩენს სოციოეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობას ადამიანური კაპიტალის ფორმირების პროცესში. ასევე, ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს არსებული სოციოეკონომიკური ბარიერები პოლიტიკის დაგეგმვისას.
„მთავრობის მიერ იმ ფაქტორების უგულვებელყოფა, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოტენციალის სრულყოფას უშლის ხელს, აღრმავებს არსებულ უთანასწორობას, ამცირებს პოლიტიკის ეფექტურობას და ზღუდავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“,- ნათქვამია კვლევაში.