სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4%-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს. 2018 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 481.4 ათასით განისაზღვრა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს ვიზიტორების 37.7% მიეკუთვნებოდა 31-50 ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 54.9%-ს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების 26.4 % თბილისის მაცხოვრებელია, 18.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.1 % აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი, საშუალოდ თვეში 288.8 ათასი ვიზიტი განხორციელდა თბილისში და იმერეთის რეგიონში (198.9 ათასი ვიზიტი თვეში).