სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის, შემოსავლების, შესყიდვებისა და აქტივების მართვის საკითხები მოიცვა.
აუდიტის შედეგად ნაკლოვანებები გამოვლინდა, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სახმელეთო ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სახმელეთო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ აუქციონში, შპს „ჯორჯიან ბასმა“ გაიმარჯვა.
აუდიტის სამსახურის ცნობით კი, შესაბამის ვებგვერდზე არ იყო გამოქვეყნებული აუქციონის დეტალური პირობები, რითაც დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები: საჯაროობა და გამჭვირვალობა. ამასთან, შპს „ჯორჯიან ბასი“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა, ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. აღნიშნული გარემოება შეიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების რისკს.
„წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ბასი“ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7 მიმართულებიდან, ასრულებდა მხოლოდ 3 მიმართულებას − თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებით, ხოლო მგზავრები გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან − ქუთაისში და შემდეგ პირიქით, არ გადაჰყავდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ან/და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება გართულებული იყო.
ხელშეკრულების სხვა პირობების, კერძოდ, ინფორმაციის წარდგენასა და საფასურის გადახდაზე ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის მიუხედავად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ შპს „ჯორჯიან ბასს“ არ არიცხავდა პირგასამტეხლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის აღმოჩენამდე. აუდიტის მიმდინარეობისას შპს „ჯორჯიან ბასს“ დაერიცხა პირგასამტეხლო − 171,533 ლარის ოდენობით,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.