კომპანია Boeing-მა მისი ახალი ლაინერის პრეზენტაცია გამართა, რომელიც, როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე გრძელი სამგზავრო ლაინერია მსოფლიოში. ამ თვითმფრინავს Boeing 777X ეწოდება.
CNN-ის ინფორმაციით, პირველი Boeing 777X კომპანიის თანამშრომლებს 13 მარტს კომპანიის ქარხანაში, ქალაქ ევერეტში წარუდგინეს. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ეს ლაინერი აქამდე რეკორდსმენ Boeing 747-8-ზე გრძელი გამოვიდა.
ავიამწარმოებლის განცხადებით, თვითმფრინავის სიგრძე 77 მეტრია, ფრთების გაშლის სიგრძე კი 72 მეტრი. თან პირველად ხდება, რომ კომპანიამ სამგზავრო ლაინერში გამოიყენა კეცვადი ფრთების ტექნოლოგია, რომელიც აქამდე მხოლოდ სამხედრო ავიაციაში გამოიყენებოდა. ამავდროულად, Boeing 777X გახდება ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი ორი ძრავით. ამ ძრავების ტურბინების დიამეტრი 3,5 მეტრია.
ამ უახლესი ლაინერის საბაზო მოდიფიკაციად Boeing 777-9X-ს გამოიყენებენ, რომელიც ბორტზე 400-425 მგზავრს იტევს. ამასთან, საბაზისო ვარიანტის ფრენის მანძილი 14 ათასი კილომეტრია. მისი მოკლე ვერსია Boeing 777-8X-ის სიგრძე 70 მეტრია და 350-375 მგზავრს იტევს, ხოლო ფრენის სიშორე 16 ათასი კილომეტრს არწევს.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ლაინერის საწვავის მოხმარების ხარჯი 10-12%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე მის კონკურენტებში. ლაინერის პირველი გაფრენა უახლოეს მომავალში მოხდება, ხოლო მიწოდება დამკვეთებისადმი 2020 წლიდან დაიწყება.