დიდ დიღომში გუშინდელი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მლნ ლარს აღემატება

გუშინ ღამით, დიდ დიღომში მომხდარი ხანძრის შედეგად ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსთან“ ერთად კიდევ სამი კომპანიის საწყობი დაიწვა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი, NM Group-ია დაზღვეული.

აკომპანია NM Group-ს ტექნიკის მარაგები „ჯიპაი ჰოლდინგში“ აქვს დაზღვეული. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „ჯიპიაიდან“ მოაწოდეს.

„ჯიპიაის“ ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ამ დრომდე მიმდინარეობს შეფასების პროცესი. ექსპერტიზის დასკვნისა და შეფასების დასრულებისთანავე დაიწყება ზარალის დარეგულირების პროცესი.

კომპანია NM group ქონების დაზღვევის პოლისით არის დაზღვეული, რომელიც ხანძართან ერთად, ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა,“-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, არც კომპანია „ტექნო ლუქსი“, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად ყველაზე დიდი, 2 მლნ ლარამდე ზარალი მიადგა და არც დანარჩენი ორი კომპანიის საწყობი დაზღვეული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლების მონაცემებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების კუთხით, პირველია ბაზარზე და ჯამში 78 მილიონი ლარი აანაზღაურა.

„ჯიპიაის“ მიერ იყო დაზღვეული ასევე გასულ წლებში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებული ელიავას ბაზრობაც, რომლის მოვაჭრეებსაც კომპანიამ ჯამში, 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.