საფინანსო შეთანხმების “ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოსთვის 48 მილიონ ევრომდე დახმარებაა გათვალისწინებული,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
„საფინანსო შეთანხმების - „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე - კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა „DCFTA Facility”, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა და ევროკომისარს გავაცანით მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით”,- განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანაში იქმნება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკა. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.
„ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი მზად ვართ და ეს გახლავთ ჩვენი მოტივაცია, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და რა თქმა უნდა, 5 მარტს, როდესაც ჩვენ ბრიუსელში წარვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული საგზაო რუკა, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვოთ საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებს. ბუნებრივია, ვაჭრობის სფეროს ამ მიმართულებაში განმსაზღვრელი როლი აქვს და მე კიდევ მსურს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. შარშან საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალს და ქალბატონი მალმსტრომი იყო ამ იდეის ავტორი. მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ამ ფორმატს და მადლობა გადავუხადო ევროკომისარს ამ ინიციატივისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 11-12 ივლისს, ბათუმში, იგეგმება მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ 10 წლისთავის აღნიშვნას.
„ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება განვიხილოთ, რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ავიყვანოთ ახალ დონეზე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.