თბილისში PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება - ვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გექნებათ 22 მარტს?

თბილისში ცნობილი იაპონური მოძრაობის PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება. ამჯერად, ღონისძიების თემა მედია, მისი შესაძლებლობები, მის იგვლივ არსებული გამოწვევები და პერსპექტივა იქნება.

PechaKucha Night დამწყები დიზაინერების, შემოქმედებითი ადამიანების, ინოვატორების, მეწარმეების, ანტერპრენერებისა თუ სტარტაპერების საყვარელი ღონისძიებაა, რომელიც გართობასა და განტვირთვასთან ერთად, ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

PechaKucha ტოკიოში 2003 წლის თებერვალში, ღონისძიებათა სერიის სახით დაიწყო. ის განკუთვნილი იყო ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, შესახვედრად და სანეთვორქინგოთ. იაპონურად - PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

ღონისძიებათა სერიას საფუძველი საქართველოში „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ჩაუყარა, რომლის თანადამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი არიან. PechaKucha-ს ორგანიზებას ისინი დიდი სიფრთხილითა და გულმოდგინებით ეკიდებიან და ცდილობენ, ღონისძიება მაქსიმალურად ინფორმაციული და საინტერესო იყოს.

ორგანიზატორების მიზანია, ამ ღონისძიებათა სერიით ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მედიისა თუ სხვადასხვა სახის ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. ჰაიკ ასრიანცი და გური ქოიავა უკვე მე-7 ღონისძიების ორგანიზებაზე მუშაობენ და ცდილობენ, კრეატიული საზოგადოება უფრო ანტერპრენერულად აქციონ, ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვთ, თუმცა განხორციელების გზების შესახებ ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენ გვინდა, რომ კრეატიული საზოგადოება, დიზაინერები, არქიტექტორები სტარტაპერებთან, ბიზნესმენებთან, ანტერპრენერებთან ერთად შევკრიბოთ. გვინდა, რომ ანტერპრენერები უფრო კრეატიულებად ვაქციოთ და კრეატიული საზოგადოება უფრო ანტერპრენერული გავხადოთ. ასე რომ, 22 მარტის PechaKucha Night-ზე ვისაუბრებთ ციფრული მედიის ტრენდებზე, მედია ინდუსტრიაზე, ჟურნალისტიკაზე, ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე, ციფრულ მედიაზე. როგორც იცით, მედია დღეს ახალი გამოწვევების თუ შესაძლებლობების წინაშე დადგა. ახლა ყველას გვაქვს სმარტფონები, ყველას შეგვიძლია, მოქალაქე ჟურნალისტები გავხდეთ. ნიუსის შექმნისა და გავრცელების გზები შეიცვალა. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ჰაიკ ასრიანცმა.

ორგანიზატორების თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები მედია სამყაროს თავდაყირა აყენებს, რადგან ახალი აპლიკაციები, სოციალური მედიის არხები, დრონები, 360-გრადუსიანი გამოსახულებები, VR ამბები და სხვა ახალი ტერმინები ინფორმაციულ ხმაურს ქმნის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს, რადგან ამ არეულობაში აუდიტორიამდე ამბების მიტანა სულ უფრო და უფრო რთულდება.

22 მარტის PechaKucha Night-ზე თქვენ მოისმენთ პასუხებს შეკითხვებზე რა უახლესი ტენდენციებია გლობალურად და ამ ყველაფერს რამდენად უწყობს ფეხს ქართული მედია? ასევე, ქართულ მედიაში რა მიმართლება არის უფრო წარმატებული და რას სჭირდება დახვეწა? თუ ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ, მაშინ „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ 22 მარტის ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა.

PechaKucha Night Tbilisi. vol.7-ზე ერთ სივრცეში შეიკრიბებიან სფეროს პროფესიონალები და თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. მათი მონათხრობი კი შეიძლება, ინსპირაციის წყაროდაც კი იქცეს.

ორგანიზატორების თქმით, PechaKucha Night Tbilisi ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, მოისმინოს, ისწავლოს და დრო გაატაროს საინტერესო გარემოში.

ვინ არიან ღონისძიების სპიკერები?

22 მარტს, 20:20 საათზე საკუთარ გამოცდილებას ForSet • ფორსეტის რედაქტორი ლალი ცერცვაძე, Radio Free Europe/Radio Liberty-ს ბიურო საქართველოში (რადიო თავისუფლება) -ს რეპორტიორი სოფო დათიაშვილი, ქართული გამოცემის მედია მენეჯერი, Chai Khana ლიკა ანთაძე, მედია მენეჯერი, აი, ფაქტი • ifact.ge-ს წარმომადგენელი ნინი გაგუა, OC Media-ს აღმასრულებელი დირექტორი, დომინიკ ცაგარა გაუზიარებენ.

დანარჩენ სპიკერებს ორგანიზატორები ღონისძიებამდე სულ მალე დაასახელებენ. აღსანიშნავია, რომ PechaKuha Night vol.7 Tbilisi Startup Bureau-სა ForSet • ფორსეტი-თან პარტნიორობით ხორციელდება. ასევე, ღონისძიება მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ. მისი მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

რაც შეეხება ბილეთებს, მათი რაოდენობა შეზღუდულია და სულ 140-ს შეადგენს. ასევე, მათი შეძენა შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი: https://tkt.ge/Show/6667/pechakucha-night-tbilisi-vol-7;

https://eventer.ge/event/pk/1185/ka;

https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/pechakucha-nigh-tbilisi-vol-7-pechakucha-nigh-tbilisi-vol-7

აღსანიშნავია, რომ PechaKucha Night ინგლისურ ენაზე ჩატარდება.