„თიბისის“ საქმის მსგავსი ფაქტები ხელს არ უწყობს რეიტინგებში იმ მაჩვენებელს, რაც საქართველომ სამართლიანად მოიპოვა და რაც უცხოელი ინვესტორებისთვის ნდობის გამომწვევია"

„თიბისი ბანკის“ საქმის მსგავსი ფაქტები ხელს არ უწყობს რეიტინგებში იმ მაჩვენებელს, რაც საქართველომ სამართლიანად მოიპოვა, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის ნდობის გამომწვევი ფაქტორია, - ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, იგივე ეხება მიწის საკუთრების შესახებ წესებს, რომელიც, „ჯერ კიდევ ნათელი არ არის, რაც ხელს უშლის ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სფეროში“.

ანტონიო ბარტოლიმ ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება შესანიშნავი და მძლავრი ბერკეტია, რომელიც ქართველ ხალხს განვითარებისა ექსპორტის საშუალებას აძლევს. თუმცა, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. უნდა მოხდეს იმ პროდუქტების გამოვლინება, რომელიც ყველაზე უფრო შეეფერება ევროპულ ბაზარს. ავიღოთ სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელზეც საქართველოს ექსპორტის 29% მოდის. აქედან ექსპორტის 2/3 დსთ-ს ქვეყნებში ხდება. შესაბამისად, ევროპის წილი უნდა გაიზარდოს. ამ სექტორში ბევრის გაკეთება შეგვიძლია. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში სტაბილურია. ვაჭრობის საერთო მოცულობა გაზრდილია, თუმცა ეს მოხდა ევროკავშირიდან საქართველოში ექსპორტის ხარჯზე. ვფიქრობ, ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ყველაზე პერსპექტიულ სექტორებზე და პროდუქტებზე“, - დასძინა მან.