"მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის კერძო სექტორის ზრდის მთავარი წყარო"

„რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის კერძო სექტორის ზრდის მთავარი წყარო, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციების განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრებს მართვას საქართველოს მთავრობის წევრებთან.

გიორგი ქობულიამ ევროკომისარს და საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები და მიზნები გააცნო, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების პროცესს პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედად მიიჩნევს და ქვეყნის მიზანი ამ ჩარჩოში წარმოდგენილი ყველა უპირატესობით მაქსიმალური სარგებლის მიღებაა.

„ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელება, მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების გატარება და მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ყველა აღებული ვალდებულების წარმატებით განსახორციელებლად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და ამ კონტექსტში აქცენტი ინვესტორებისთვის შექმნილ პირობებზე გააკეთა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური ხედვა და ბიზნეს-კლიმატის მოდელი მთლიანად ეფუძნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის საჭირო უსაფრთხო და პოლიტიკურ პროგნოზირებად გარემოსა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ევროკომისარს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია.