„დღევანდელი რეგულაციებით ექსპლუატაციაში იქნება თუ არა მიღებული ობიექტი, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რიგზეა"

შენობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით კანონი ლაფსუსებს შეიცავს, დღეის მდგომარეობით ეს დოკუმენტი ფიქტიურია და რეალურად არაფერს არ ამტკიცებს, გარდა ვიზუალური არქიტექტურული პროექტის განხორციელება-არგანხორციელებისა,- ამის შესახებ სამშენებლო სამართლის ექსპერტმა უჩა ზაქაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ მერია ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით მიღებული განაცხადების უმეტესობას არ აკმაყოფილებს და ამასთან, უწყებას ხელმეორედ საკმაოდ ცოტა ფიზიკური თუ იურიდიული პირი მიმართავს, კანონით განსაზღვრული სანქციების მექანიზმის დამსახურებაა.

„მშენებლებს აქვთ ვალდებულება, რომ მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვეში ან ერთ წელიწადში, შენობის კლასიდან გამომდინარე, მიმართონ მერიას ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ჯარიმდებიან, რადგან ეს სანებართვო პირობების დარღვევაა, მაგრამ ერთხელ თუ მიმართეს მერიას ამ პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ანუ კანონი არ ითვალისწინებს იმას ხდება თუ არა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, მთავარია პირმა ერთხელ მიმართოს უწყებას და სანქციისგან თავისუფლდება, სწორედ ამიტომ აღარ მიმართავენ ხელმეორედ“, -განმარტა ზაქაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირება ძალიან ცუდი პრეცენდენტია და დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს იმის შემოწმებას, რამდენად უსაფრთხოა შენობა გამოყენებისთვის. შესაბამისად, საჭიროა ფიქრი იმაზე თუ როგორ შეიძლება ექსპლუატაციაში მიღება უფრო ეფექტური გახდეს.

„შენობის ექსპლუატაციაში მიღება თავდაპირველი ჩანაწერით გულისხმობდა მის ვარგისად აღიარებას ანუ ფუნქციონირებისთვის მზაობის აღიარებას. დღეის მდგომარეობით, ეს სამართლებრივი ინსტიტუტი დაკნინებულია და ამას აღარ გულისხმობს, დღევანდელი რეგულაციებით ექსპლუატაციაში იქნება თუ არა მიღებული ობიექტი, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რიგზეა. დღესდღეობით ეს არის დამატებითი ბიუროკრატია ბიზნესისთვის, რომელსაც პრაქტიკული შედეგის მოტანა არ შეუძლია, თუ არ შემოწმდება შენობების მდგრადობა, კედლების ხანძარმედეგობა, საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟის ხარისხი, რა აზრი აქვს იმის შემოწმებას, აივნის მოაჯირის ნახატი შეესაბამება თუ არა პროექტით გათვალისწინებულს“, - განაცხადა ზაქაშვილმა.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ნახევარს, კერძოდ 135 ობიექტს ეთქვა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 814 ობიექტს ეთქვა. 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტმა მიიღო.

ამასთან, განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით 2017 წელს მერიაში 77 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 30 ობიექტი. 2018 წელს განმეორებით მიღებული 115 განცხადებიდან, 60 დაკმაყოფილდა. განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უწყებას 2019 წელს 8 ობიექტმა მიმართა, საიდანაც მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა.