„ალბათ, კანონმდელობაში გარკვეული ხარვეზი არსებობს“ – „ნიკორა“ კომპანიების ბუღალტრული ანგარიშგებების წესზე

სავალდებულო ფინანსური ანგარიშგება კომპანიების ნაწილმა არ წარადგინა, რის გამოც რამდენიმე ათეული სუბიექტი დაჯარიმდა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 4 მარტის მდგომარეობით ანგარიშგება 661-მა სუბიექტმა წარადგინა, რომელთაგან ამ დროისთვის 644 კომპანიის მონაცემებია გასაჯაროებული.

მათივე ინფორმაციით, „კანონისმიერი დისკრეციის ფარგლებში სამსახურის მიერ გაფრთხილება მიეცა 147 სუბიექტს, ხოლო სანქციის სახე, ფულადი ჯარიმა, სამსახურის მიერ გამოყენებული იქნა 58 სუბიექტის მიმართ“.

ფინანსური ანგარიშგება უკვე წარადგინა სააქციო საზოგადოება „ნიკორამ“. როგორც კომპანიის გენერალურ დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „ნიკორა“ ჰოლდინგმა აუდიტის ჩატარება და შედეგების გამოქვეყნება კანონის ამოქმედებამდე 4 წლით ადრე დაიწყო. ამის მიზანი კი ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობა იყო.

„ანგარიშგების გამოქვეყნება იძლევა საშუალებას, რომ ყველა მხარემ, ეს იქნება უბრალო მოქალაქე, ინვესტორი თუ სხვა, ნახოს მისთვის საინტერესო კომპანიის ფინანსური შედეგები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის კომპანიების გამჭვირვალეობისკენ გადადგმული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „ნიკორა“ ჰოლდინგმა აუდიტის ჩატარება და მისი შედეგების გამოქვეყნება ამ კანონის ამოქმედებამდე 4 წლით ადრე დაიწყო. გვსურდა, რომ ჩვენი ფინანსური მაჩვენებლები ყოფილიყო გამჭვირვალე და სანდო ინვესტორებისთვის. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ უკვე სამჯერ მოხდა ობლიგაციების საჯარო განთავსება და კანონმდებლობა გვავალდებულებდა ფინანსურ ანგარიშგებას. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის ეს ახალი ხილი არ იყო და არც სირთულეს წარმოადგენდა. 2017 წლის აუდიტი ჩაგვიტარა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია “Grant Thornton”-მა.

რაც შეეხება შედეგს, მოხდა ჩვენს მიერ გაცხადებული ფინანსური მონაცემების რევიზია და დადასტურდა, რომ ის ციფრები, რომელიც მოყვანილია საბალანსო და მოგება/ზარალის უწყისებში, რეალურად ასახავს კომპანის დღევანდელ მდგომარეობას“,- აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ვალდებულება ყველა შესაბამისმა კომპანიამ შეასრულოს, „ნიკორას გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კანონმდებლობაში გარვეული ხარვეზებია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

„არ ვიცი, რატომ არ შეასრულეს ვალდებულება კომპანიების ნაწილმა, ამას ვერ გეტყვით. შეიძლება კომპანიების ნაწილი აუდიტის მიმართულებით მოერიდა დამატებით ფინანსურ ხარჯებს. ნაწილს კი საკუთარი ანგარიშგება და აღრიცხვა არ აქვს იმ დონეზე მოწესრიგებული, რომ აუდიტი ჩატარდეს. აქ სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს.

თუმცა ჩემი აზრით, ალბათ, კანონმდელობაში გარკვეული ხარვეზი არსებობს. კომპანიებს saras-ი (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური) ავალდებულებს, რომ ანგარიშგებები გამოქვეყნდეს. კანონმდებლობაში გაწერილია გარკვეული პარამეტრები, თუ რომელი კომპანია ექვემდებარება აუდიტს. ეს არის მისი აქტივების ზომა, თანამშრომელთა რაოდენობა და ა.შ. თუ კონკრეტული კომპანია ჯდება ამ ჩარჩოებში, მაშინ ის ვალდებულია, რომ საჯაროდ განათავსოს საკუთარი კომპანიის ანგარიშგება. თუმცა თვითონ saras -ს არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები ხვდებიან ამ ვალდებულების ქვეშ. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, თვითონ saras-ს ამ კომპანიების ბაზა არ აქვს. ალბათ, სწორი იქნებოდა, რომ ასეთი კომპანიების სია მას შემოსავლების სამსახურმა გადასცეს. ამ დოკუმენტის საშუალებით, saras-ი გადაამოწმებდა ყველა ვალდებულ კომპანიას“,-აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი.

ცნობისათვის, 2016 წლის ივნისში მიღებული - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ბიზნესის ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი.

ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.

რაც შეეხება მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებს, მათ ფინანსური ანგარიშგება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. მესამე კატეგორიაში ხვდებიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. მეოთხე კატეგორიაში კი ხვდებიან კომპანიები, რომლების აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ს არ აღემატება.

რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, საწარმოთა კატეგორიების მიხედვით 500-დან 10 000 ლარამდე მერყეობს.

ნინი ქეთელაური