„გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა საქართველოსა და ბელორუსს შორის მინიმუმ გავაორმაგოთ"

გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა საქართველოსა და ბელორუსს შორის მინიმუმ გავაორმაგოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ

საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ბელორუსული პროდუქციის გამოფენის გახსნაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება საქართველოში.

"ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა ლამაზ ტრადიციად იქცა ჩვენს ლამაზ ქალაქში. ჩვენ და ბელორუსებს განსაკუთრებული მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ჩვენ საქართველოში გვეწვია საქართველოს 150 კომპანია ბელორუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენს შორის ეკონომიკურ კავშირებს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ.

ძალიან მხარია, რომ დღეს იქნება ხელმოწერილი მნიშვნელოვანი სავაჭრო კონტრაქტები, რომლის მიხედვითაც ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება საქართველოში. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ მსგავსმა გამოფენებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოში მივიღოთ დამატებით უცხოური ინვესტიციები. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთ ბელორუსიდან და რაც მთავარია, მივიღებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური კორპორაცია, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა და ბელორუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელორუსში, ასევე საქართველოში",- განაცხადა ბახტაძემ.