კომპანია Google-ი ოპერაციული სისტემა ანდროიდის ევროპელი მომხმარებლებისთვის ბრაუზერისა და საძიებო სისტემის შეთავაზებას დაიწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიისთვის მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დაწესებული ვალდებულების ფარგლებში ამოქმედდება. შესაბამისად ანდროიდის მფლობელს ექნება არჩევანი, რომელ ბრაუზერზე შეჩერდეს და ძიებისას რომელი სისტემა გამოიყენოს, რაც მას აქამდე არ ჰქონდა.
როგორც ცნობილია 2018 წელს Google ევროპის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა, ვინაიდან კომპანია ანდროიდის მფლობელებს მონოპოლიურად მხოლოდ Google-ის Chrome ბრაუზერს და საძიებო სისტემას სთავაზობდა, რაც ევროპული კანონმდებლობის დარღვევაა.
Google-ს არ დაუკონკრეტებია, როდიდან დაიწყებს ვალდებულების აღსრულებას და არც ის გაუმხელია, რომელ კონკურენტ აპლიკაციებს შესთავაზებს ანდროიდის მფლობელებს.