თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების საკითხით კომპანიები არ ინტერესდებიან. კახა კალაძის მოწოდებიდან 7 თვის თავზე, ჯერჯერობით არცერთი მშენებლობა არ განახლებულა. ყოველ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, „მერია, აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან და ინვესტორებთან, ფინანსური პრობლემების მქონე სამშენებლო ობიექტების მხარდაჭერის მიზნით“. დედაქალაქში ასეთი 179 შენობაა.
ცნობისათვის, დაახლოებით 7 თვის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით წინადადებები წარმოედგინათ. მაშინ მერი იმასაც აცხადებდა, რომ კომპანიები, რომლებიც ასეთ მშენებლობებს დაასრულებენ, გარკვეული შეღავათები ექნებოდათ, მათ შორის, საუბარი იყო შეღავათებზე დღგ-ს ნაწილში.
ინიციატივიდან ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმა კომპანიების მხრიდან ჯერჯერობით მზაობა იმისა, რომ სხვის მიერ დაწყებული მშენებლობა დაასრულოს, არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მერია მათთან მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.
ამ დროისთვის თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შეჩერებული მშენებლობების იდენტიფიცირების მიზნით, თბილისის მასშტაბით მოკვლევა განხორციელდა, რომლის საფუძველზე შეიქმნა შეჩერებული მშენებლობების სამუშაო ბაზა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს დაიწყო მუშაობა შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მიმართულებით. შეჩერებული მშენებლობების იდენტიფიცირების მიზნით თბილისის მასშტაბით განხორციელდა მოკვლევა, რომლის შედეგად მერიამ დაადგინა პრობლემური მშენებლობების რაოდენობა, თითოეული მშენებლობის დაწყების და შეჩერების პერიოდი, ეტაპი, ფუნქციური კლასიფიკატორი და ა.შ.
მოკვლეული ინფორმაციების საფუძველზე, შეიქმნა შეჩერებული მშენებლობების სამუშაო ბაზა, რომელიც მოიცავს 179 სამშენებლო ობიექტს.
შემდგომ ეტაპზე განხორციელდა თითოეული მშენებლობის შეჩერების მიზეზების კვლევა. ამ მიზნით ჩატარდა ერთი მხრივ, ინტენსიური შეხვედრები თითოეული სამშენებლო ობიექტის მშენებლთან, ინვესტორთან, დაზარალებულთან და მეორე მხრივ, მოხდა თითოეული მშენებლობის ქეისის ანალიზი“,-აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მოკვლევისა და ინტენსიური სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოვლინდა პრობლემები, რომელიც ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და პრობლემები, რომლისთვისაც გადასახედია ზოგადი მიდგომები და საკანონმდებლო რეგულაციები. ამასთან, გამოიკვეთა ის საკითხები, რომელიც სცილდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.
„არის მშენებლობები, რომლის შეჩერება უკავშირდება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას (ფინანსური, სასამართლო დავა, რამდენჯერმე გადაყიდული ფართები და ა.შ).
კვლევის შედეგების და პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური გზების განსაზღვრის მიზნით, მერიამ უზრუნველყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დეველოპერების, სამშენებლო კომპანიების, ექსპერტებისა და არქიტექტორების მონაწილეობით.
ამ ეტაპზე მერია ინტენსიურად მუშაობს შეჩერებული მშენებლობების საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც უზრუნველყოფს ერთიან და ეფექტურ მიდგომას არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“,-აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება დაინტერესებას, მერიაში განმარტავენ, რომ ემ ეტაპზე დეველოპერებთან და მშენებელებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„პარალელურად, მერია მართავს კონსულტაციებს იმ მშენებლობებთან, რომელთა პრობლემები ინდივიდუალურად განსახილველია, ან მოიცავს მხოლოდ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. მერია, ასევე, აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან და ინვესტორებთან, ფინანსური პრობლემების მქონე სამშენებლო ობიექტების მხარდაჭერის მიზნით“,- აცხადებენ მერიაში.