„ვვარაუდობთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ"

ვვარაუდობთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, რითაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ინვესტორებთან ფინანსურ დახურვას შორის ის 8 პუნქტი დგას, რომელზეც ამჟამად ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე: 8 პუნქტს შორის არის თუ არა რომელიმე მთავრობისთვის პრინციპულად მიუღებელი, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პუნქტებს შორის ყველაზე მძიმე ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნაა.

"ამ პუნქტებს შორის ყველაზე მძიმე პუნქტი არის ტვირთების გარანტია, რომელსაც ითხოვენ კრედიტორები და არა „ანაკლიის კონსორციუმი“. მოგეხსენებათ, კრედიტორები არიან 4 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც 400 მლნ დოლარის სესხი უნდა გასცეს ამ პროექტისთვის და ამასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და დისკუსიები," - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.