უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელების თაობაზე ისაუბრა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უსაფუძვლო და არარეალური განცხადებებიც გაკეთდა. მისივე განმარტებით, მზად არის, რომ პორტის მშენებლობასთან მიმართებით არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს.
„ბოლო დროის განმავლობაში მედიაში, საზოგადოებაში, პარლამენტშიც ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ ამავე ტრიბუნასთან გამოვდიოდი და „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიდექი ამ თემის ირგვლივ სულ რამდენიმე კითხვა დაისვა, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პროექტი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ძალიან ბევრი კითხვა, ვერსია და სპეკულაცია გაჩნდა სრულად უსაფუძვლო და არარეალურიც, პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, გაჩნდა იმის სურვილიც, რომ ანაკლიის პროექტი ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საგანიც გამხდარიყო. ამ მიმართულებითაც ბევრი ვერსია გაჟღერდა. გარდა ამისა, ასევე ჩანს, რომ უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. გარდა ამისა, ის სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაუკავშირდეს, მათ შორის, ამ კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას, ბადებს იმის ეჭვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული კამპანია, ამ საზოგადოებრივი აზრის შექმნას კონკრეტული მიზანი აქვს. აქედან გამომდინარე, ვისარგებლე ჩემი უფლებით მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის გამართვის თაობაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.